მიხეილ დაუშვილი – საპარლამენტო უმრავლესობას: რასაც თქვენგან ვისმენთ, არის გაუგებარი, გაურკვეველი დაპირისპირება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „საქართველოსათვის” წარმომადგენლის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოქალაქეზე ორიენტირებული დღის წესრიგი კი არა აქვს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებითაა დაინტერესებული.

„რასაც თქვენგან ვისმენთ, არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა გაუგებარი, გაურკვეველი დაპირისპირება სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებით. მოქალაქეზე ორიენტირებული დღის წესრიგი და, ზოგადად, მოქალაქე სად არის დღეს თქვენს ყოველდღიურობაში, ეს აბსოლუტურად არ ჩანს იმიტომ, რომ მოქალაქე არ გახსოვთ, არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. რომ მოგისმინოთ ადამიანმა, განცდა დაგრჩება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის – კოვიდი დამარცხებულია, უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება, ეკონომიკა იზრდება, ადამიანის კეთილდღეობა უმჯობესდება და ა.შ და ა.შ. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, არის ილუზია, რომლის შექმნასაც თქვენ ცდილობთ. თქვენი პასუხისმგებლობა კი რა არის, სად არის და რა გეგმა გაქვთ, სამწუხაროდ, ამაზე არანაირ პასუხს არ ვისმენთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული განცხადებების რეჟიმით გამოსვლისას.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, დოვლათის, კეთილდღეობის შექმნას, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება, „ქართული ოცნება” კი ამ პოლიტიკურ სტაბილურობას ვეღარ ქმნის და ვეღარ განაპირობებს, რადგან „ამის რესურსი და ლეგიტიმაცია არ გააჩნია. საბოლოოდ კი, რიგითი მოქალაქე უბრალოდ დავიწყებულია. „ქართულ ოცნებას” არ აქვს ხედვა ხვალინდელი დღის, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში კი არაა, „ქართული ოცნებისგან” დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ოპოზიცია, ანუ რეალურად თქვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება კი არა, უკვე ოპოზიციის ოპოზიცია ხართ და ეს არის ამ ქვეყნის სამწუხარო რეალობა”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები