„უკვე ორი კვირაა, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას. ზოგი საავადმყოფოს ამბობს და ისიც ვერ გაიგეს, რომ ეს ადამიანი საავადმყოფოშია, ოღონდ – პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში და თან – მულტიფუნქციურში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ოპონენტებს მოუწოდებს, დაასახელონ თუნდაც ერთი სამედიცინო საჭიროება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა და ვერ უტარდება.
„კითხვა შემდეგია, ორი კვირის განმავლობაში, რა სამედიცინო სერვისის გაწევა, რომელი სამედიცინო ჩარევა სჭირდებოდა პატიმარ სააკაშვილს და ვერ ჩაუტარდა. კონკრეტულად, რა სჭირდებოდა და რა ვერ განხორციელდა?! მეორე კითხვა: დღეის მდგომარეობით, როდესაც, ასევე, ითხოვენ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას, ოღონდ – კერძოში, რა სამედიცინო ჩარევის საჭიროებაა თუნდაც დღეს, რომელიც შეუძლებელია, რომ ჩატარდეს პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში? დაასახელონ თუნდაც ერთი სამედიცინო საჭიროება, რომელიც დღეს არსებობს და რა ვერ უტარდება? ისინი აპელირებენ, რომ არაერთი პატიმარი გადაყვანილა კერძო კლინიკაში. კი ბატონო… დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანთან დაკავშირებით, ასეთი საჭიროება დღის წესრიგში იდგა. მაგალითად, ზოგს ჰქონდა დაზიანება, რასაც საოპერაციო ჩარევა სჭირდებოდა, ზოგს პათოლოგია გამოუვლინდა, რომელსაც სჭირდებოდა იმგვარი ჩარევა, როგორც შეუძლებელი იყო პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში და ა.შ.“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.