მიხეილ ყაველაშვილი – ახალგაზრდებს: არ ღირს იმ ადამიანებისთვის თავგანწირვა, ვინც ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები და მოუწოდა, ფაქტები ისე აღიქვან, როგორც ამას რეალობა წარმოადგენს.

„მინდა, მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს და საზოგადოების იმ წევრებს, ხელოვანებს, რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის აღქმებით სულდგმულობენ. შეგახსენებთ: გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმე – 5 წლით პატიმრობა; გელაშვილის ცემის საქმე – 10 წლით პატიმრობა; მემორანდუმის საქმე, ე.წ. ტელეიმედის და რიყის საქმე – 5 წლით პატიმრობა; სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის კუთვნილი თანხების გაფლანგვა – 11 წლით პატიმრობა, ,,პიჯაკებს” რომ არქმევენ და გაურკვეველ „ვოიაჟებზე” და გაურკვეველ ადამიანებზე დახარჯულ თანხებს რომ წარმოადგენს და ა. შ.; საზღვრის უკანონო კვეთის საქმე – 5 წლით პატიმრობა. ერთად აღებული ეს არის 36 წელი. აი, ამ უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას”, დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს.

გავაგრძელებ, ბატონი გია ვოლსკი შეეხო ომის თემას. მისმა (მიხეილ სააკაშვილი) უგუნურმა ქმედებამ დაგვაკარგინა 20% ჩვენი ტერიტორიების, მის „მაღალ პატრიოტულ მოტივს” დავარქმევდი, რომ არა რეზოლუციის ჩანაწერი, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა. საერთაშორისო დონეზეც „გაუპრავეს” რუსეთს საომარი მოქმედებები და ანწუხელიძის ზურგს არიან ამოფარებული ეს ნაძირლები. ეს „გააპრავეს” და კიდევ ბევრს ბედავენ. ამის შემდეგ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ბედავენ და ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ. ისევ ახალგაზრდებს მივმართავ, ნუთუ ეს არ არის საკმარისი, რომ აღიქვათ ეს ფაქტები ისე, როგორც არსებობს?!”- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მან ასევე მიმართა პარლამენტის წევრს ელენე ხოშტარიას და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ქართველები

ოდითგანვე თავს სწირავდნენ მხოლოდ სამშობლოსა და ქრისტესთვის, რისი მაგალითიც ისტორიულად უამრავია. ამ მაგალითებით ვიზრდებით ჩვენ და წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდეს, ან მისი დასასრული მოხდეს. ელენეს მინდა მივმართო: შენ შეგიძლია თავგანწირვა და შიმშილობ, მაგრამ ის რაც მე ჩამოვთვალე ნუთუ არ არის საკმარისი, რომ არ ღირს ამ ადამიანებისთვის თავგანწირვა.
საქართველოში არ უკვირთ არც მსხვერპლთშეწირვა და არც თავგანწირვა, ჩვენს გარშემოც უამრავი გმირები გვყავს, ანწუხელიძე ვახსენე და ჩვენი ომის გმირები და უამრავი სამოქალაქო გმირობის მაგალითებიც შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ თუ გვინდა რომ განვვითარდეთ, აუცილებელია, რომ ისე აღვიქვათ ფაქტები, როგორც არის და არა იმ აღქმებით, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები