უკრაინაში სრულად აცრილ მოქალაქეებს 40 დოლარამდე გადაუხდიან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ათას გრივნას (38 დოლარს) მიიღებენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ხალხისადმი ვიდეომიმართვაში თქვა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ ინფიცირების პიკი გადალახა და სამედიცინო სისტემა ამჟამად “უკეთესად სუნთქავს”.
“საკმარისი ჟანგბადი გვაქვს, რომ ყველა პაციენტმა თავისუფლად ისუნთქოს. იმისთვის კი, რომ კოვიდით დაზარალებული ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის სუნთქვა გაადვილდეს, სახელმწიფო აგრძელებს როგორც არსებულ – მხარდაჭერის პროგრამებს, ასევე, ავითარებს უამრავ ახალ ინსტრუმენტს”, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი უახლოეს მომავალში ამუშავდება. კერძოდ, იქნება მხარდაჭერილი სფეროები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კარანტინის გამო: ეს არის ეკონომიკის შემოქმედებითი, სპორტული და სატრანსპორტო სექტორები.
„პროგრამა იმუშავებს შემდეგნაირად: ყველა, ვინც ორი ვაქცინით აიცრა, შეძლებს, მიიღოს ათასი გრივნა სწრაფად და მოხერხებულად, აპლიკაციის საშუალებით. ამ თანხით შესაძლებელი იქნება სპორტული დარბაზის აბონემენტის შეძენა, კინოს, თეატრის, მუზეუმის, საკონცერტო დარბაზის მონახულება ან ქვეყნის მასშტაბით სამოგზაურო ბილეთების შეძენა (შიდა რკინიგზაზე ან ფრენებზე)”, – თქვა ზელენსკიმ.
პროგრამა 19 დეკემბერს დაიწყება.