საბერძნეთში მედიკოსებმა, კორონავირუსის ფონზე, არსებული ხელფასები გააპროტესტეს
ათენში სამედიცინო სფეროს მუშაკებმა, COVID-19-ის ზრდის ფონზე, არსებული ხელფასები და სამუშაო პირობები გააპროტესტეს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მედიკოსების თქმით, არასაკმარისი ანაზღაურება აქვთ, არიან გადატვირთულები, საავადმყოფოებს კი პერსონალი აღარ ჰყოფნის. მედიკოსები მოუწოდებენ მთავრობას, მეტი მედიკოსი დაიქირაონ, ასევე, მოითხოვენ, რომ მთავრობამ მათი პროფესია სახიფათო პროფესიების სიაში შეიყვანოს.
სამედიცინო პერსონალის თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ სამსახურებიდან არავაქცინირებული კოლეგების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, პერსონალის დეფიციტის პრობლემა გაღრმავდა.
მედია წერს, რომ საავადმყოფოები, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ საბერძნეთში ცდილობენ ყველა პაციენტის მიღებას, თუმცა, ამ თვეში ინფიცირების მკვეთრი მატებაა და ანტირეკორდიც დაფიქსირდა – დღეში 6000-ზე მეტი დაავადებული ვლინდება, ხოლო საწოლფონდი იწურება.
”პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დარჩენილი პერსონალი რეზინივით არის გადაჭიმული კლინიკიდან კლინიკამდე, პალატიდან პალატამდე”, – თქვა საზოგადოებრივი საავადმყოფოების მუშაკთა ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხალის ჯანაკოსმა.