“როდესაც დაირღვევა კანონი, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს”, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციის თაობაზე განაცხადა.
“არ განუცხადებიათ მარშრუტის თაობაზე, მოგვიანებით გავაკეთოთ კომენტარი. შსს-მ განცხადება გააკეთა და განუმარტა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენლებს კანონის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აქცია და შეკრებების დროს. როდესაც დაირღვევა კანონი, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია გუშინ დააანონსა და განაცხადა, რომ ორი საათით, 15:00-დან 17:00-მდე თბილისის ორივე სანაპიროზე მოძრაობა გადაიკეტებოდა.
ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.