მეცნიერების მიერ შექმნილმა ვაქცინამ მაიმუნებში აივ ინფექცია მოკლა – კვლევა ადამიანებზეც ჩატარდება
იაპონელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ვაქცინა, რომელმაც მაკაკებში აივ ინფექცია მოკლა.
ამის შესახებ გაზეთი Asahi Shimbun-ი წერს.
როგორც ბიოსამედიცინო ინოვაციების, ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული ინსტიტუტის ცუკუბას პრიმატის კვლევის ცენტრის დირექტორმა, იასუჰირო იასუტომიმ განაცხადა, გუნდის მიზანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცდების დაწყება ადამიანებზე.
Asahi Shimbun წერს, რომ ვაქცინის შემუშავებისას მკვლევართა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა ბაქტერიაზე, რომელიც იმუნური პასუხის გამაძლიერებელ ნივთიერებას გამოყოფს.
პრეპარატი შეიქმნა შიდსის გამომწვევი ბაქტერიების გენების შერევით, დასუსტებული ვირუსის გენებთან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ როდესაც ვაქცინა კრაბისმჭამელ მაკაკებს შეუყვანეს, ცხოველები შიდსით დაინფიცირდნენ, თუმცა, შემდგომი ტესტებით ვირუსი აღარ აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ვაქცინირებულ მაკაკებს უფრო ძლიერი, მომაკვდინებელი ვირუსი შეუყვანეს, თუმცა, ვირუსი შვიდიდან ექვს შემთხვევაში გაქრა. გადარჩენილი მაკაკების სისხლი და ლიმფური კვანძების უჯრედები შეუყვანეს ჯანმრთელ მაიმუნებს და აღმოჩნდა, რომ ოთხი მაკაკა ვირუსისგან სრულად თავისუფალი იყო.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღნიშნული ვაქცინები შეიძლება, გამოყენებულ იქნას შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ შიდსი აღარ არის სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადება, ჯერ კიდევ გრძელდება მისი მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, არსებულ პრეპარატებს ვირუსის მოკვლა არ შეუძლიათ.
გარდა ამისა, ასეთი წამლების უწყვეტი გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არა მხოლოდ ძვირია, არამედ შეიძლება, გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები და ასევე შექმნას წამლებისადმი მდგრადი ვირუსი.