ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის “ლოქდაუნი” გამოაცხადეს
ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის 15 ნოემბრიდან მკაცრი ,,ლოქდაუნი,, გამოცხადდა.
ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ინფექციების მზარდი მაჩვენებლების ფონზე, “გონივრული არ იქნება ლოდინი”.
„ამ ნაბიჯს დამძიმებულად ვდგამთ“, – თქვა მან.
პოლიტიკოსის თქმით, საყოველთაო ჩაკეტვის შემოღება აცრილებთან მიმართებით უსამართლო იქნებოდა.
ამჟამად, შეზღუდვები 10 დღის განმავლობაში გამოცხადდება და ქვეყნის დაახლოებით 2 მილიონ მაცხოვრებელს შეეხება, რომლებსაც სახლების დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში 8 ნოემბრიდან უკვე მოქმედებს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები. კერძოდ, შეზღუდულია წვდომა ბევრ საჯარო ადგილას, მათ შორის, კვებაის ობიეტებზე, სპორტდარბაზებში, სალონებში ან ღონისძიებებზე, სადაც 25 ადამიანზე მეტია.
ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ამჟამად თითქმის 850 შემთხვევაა 100 ათას მოსახლეზე, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში. თუმცა, ეს მაჩვენებელი არავაქცინირებულ მოქალაქეებში 1700 შემთხვევას აჭარბებს.