მიმდინარე წლის 08-12 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის – სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს, გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ესტუმრა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანკარაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი და ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM), ხაზინის და ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო საბჭოს (MASAK) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შორის.
საგამოძიებო სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნისა და ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის კოლეგა უწყებასთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ზემოხსენებული შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა კონკრეტული აქტუალური საკითხები და განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები სამომავლოდ მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის – სოსო რამიშვილის შეფასებით, ეს ვიზიტი ნამდვილად გახდება უწყებებს შორის სასარგებლო პროფესიული თანამშრომლობის დასაწყისი, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას მათი ტრანსნაციონალური ბუნებიდან გამომდინარე.
კომენტარები
კომენტარი