კონკურს Adami Media Prize-ის ნომინანტთა სიაში წელს სამი ქართული პროექტი მოხვდა

საერთაშორისო კონკურსის – “ადამი მედია პრიზი“ (Adami Media Prize) კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში” ნომინანტთა სიაში წელს სამი ქართული პროექტი მოხვდა. სამივე დოკუმენტური ფილმის პროექტია.

ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე Adami Media Prize – ის კოორდინატორმა, კინორეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა, გამარჯვებული პროექტების რეჟისორებმა   – ანა ბარჯაძემ და თამარ მშვენიერაძემ ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაციის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, 2021 წელს Adami Media Prize განვითარების პროცესში მყოფ პროექტებს დააჯილდოებს, მონაწილეებს შანსი ეძლევათ, ფულადი ჯილდო მოიგონ, შემოქმედებითი და საქმიანი პარტნიორები მოიძიონ და პროექტები დაასრულონ.

“კონკურსი ტარდება აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების ფარგლებში. ეს ქვეყნებია უკრაინა, საქართველო, ბელორუსია, სომხეთი, მოლდოვა და აზერბაიჯანი. ესაა კულტურული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნების, მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეების განმახორციებელი კონკურსი. მედიასივრცეში ყველა ჟანრის პროდუქტის წარდგენაა შესაძლებელი, იქნება ეს ბლოგი, ტელესიუჟეტი, დოკუმენტური ფილმი თუ ნიუსი”, – განაცხადა ბესო სოლომანაშვილმა.

ასამდე კონკურსანტს შორის რვა საუკეთესო პროექტი შეარჩიეს.

შერჩეული პროექტებია:

1.” მწარე შაქარი”; ავტორი: ანა ბარჯაძე

საქართველოს პატარა ქალაქში სამი ძმა ერთმანეთზე ზრუნავს, დედა კი უცხო ქვეყნიდან შვილებისთვის საარსებო თანხის გამოგზავნას ცდილობს.

2. “დაღესტნელი პატიმარი ქალი”; ავტორი: ელენე ცინცაძე

23 წლის ყრუ-მუნჯი ქალი დაღესტნიდან საყვარელ კაცთან ერთად გარბის და თავშესაფარს საქართველოში ეძებს. ის საქართველოში სექს-პატიმარი ხდება, 40 – წლიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ, მას დები მაგამედოვები პოულობენ და ქალის ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობენ.

3. “ლომი, რომელიც ქალაქს იცავს”; ავტორი: თამარა მშვენიერაძე

აფრიკელი მეფის ისტორია, რომელიც თბილისის მერის არჩევნებზე იყრის კენჭს.

4. “დაშორება”; სომხეთი, ავტორი: სონა კოჩარიანი

კოვიდრეგულაციების გამო, სამი ჩინელი სტუდენტი ლონდონიდან შინ ვერ ბრუნდება, რეჟისორი ყოველდღიურად ასახავს იმ სირთულეებს, რასაც მეგობრები ამ პერიოდში აწყდებიან.

5. “შემდეგი სადგური”; აზერბაიჯანი, ავტორი: მარიამ რაჰიმოვა

დოკუმენტური ფილმი სამი აზერბაიჯანელი ახალგაზრდის ისტორიას გვიყვება.მათ სრულიად განსხვავებული სოციალური წარმომავლობა და ცხოვრების წესი აქვთ.

6. “დაკარგული მოლდოვაში”; მოლდოვა, ავტორი: ვლად ბოლგარინი.

დიეგოს სურს, ყოფილ შეყვარებულს, კელსის შეურიგდეს. გოგონას გულის მოსაგებად ის Peace Corps-ის პროექტში ერთვება და მოლდოვაში ჩადის, სადაც სწავლობს, როგორ გახდეს ემპათიური ადამიანი და დაეხმაროს სხვებს.

7. “დუდუ და ლალა”, უკრაინა, ავტორი: ტატიანა სუჩკოვა-ლადიკონლაინი

ვიდეოპროექტი “დუდუ და ლალა” წარმოგვიდგენს ქართველი კაცისა და უკრაინელი ქალის რომანტიკულ ისტორიასა და შემოქმედებას. არტისტები მუსიკის საშუალებით გვიჩვენებენ, თუ როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით, სიმშვიდითა და მეგობრობით.

8. “გზა სლავალაჩიისკენ”, ბელარუსი, ავტორი: ვარფალამეი კურაგა

დოკუმენტური ფილმი ბელარუსი და დასავლეთ უკრაინელი ფოლკ-მუსიკოსების კოლაბორაციაზე გვიყვება. მიუხედავად სირთულეებისა, ისინი ახერხებენ, შექმნან მულტიკულტურული ოჯახი.

10 ნოემბრიდან მსურველებს შეეძლებათ, პროექტებს გაეცნონ ონლაინ პლატფორმაზე: https://www.adamimediaprize.eu/
გარდა ამისა, მაყურებელს ეძლევა საშუალება, გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში ჩაერთოს, ხმა მისცეს და რჩეულს სასურველი თანხა გადაურიცხოს.

10 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ხუთი სხვა ქვეყნის არხის პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტლაივსტრიმში კონკურსანტები საკუთარ პროექტებს წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები