ელენე ხოშტარია: სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის საკმარისი პირობები სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის

“სტრასბურგმა თქვა და მიიღო ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში და მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში არის მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესს უმაღლესი ინსტიტუტი – სტრასბურგი აკონტროლებს.

„პარტიული ინტერპრეტაციით ამ გადაწყვეტილების გამოყენება მიაყენებს დამატებით დიდ ზიანს მთლიანად ქვეყანას და აქ „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ზოგადად არავის აქვს დიდი მანევრის საშუალება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ, მძიმე შედეგებს ნებისმიერისთვის, ვინც დაიწყებს ამით მანიპულირებას. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილის საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგების მომტანი ვერ იქნება. სტრასბურგმა კონკრეტულად ამ მომენტში არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გაიყვანონ, ოღონდ სტრასბურგმა, პირველ ყოვლისა, თქვა და დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს ანუ ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ა.შ. არის საერთაშორისო ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ აბსოლუტურად უგულებელყოფილი. მეორე, სტრასბურგმა თქვა და მიიღო ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში და მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში არის მიხეილ სააკაშვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ. სტრასბურგში მოუწევთ, მაგალითად, იმ კადრების ჩვენება თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს, იმ კადრების ჩვენება, რომელიც არის მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული, რაც უკვე შეფასებულია არაერთი არასამთავრობოს მიერ, როგორც არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობა. სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის ნამდვილად საკმარისი პირობები არც მისი უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით. ამიტომ უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს ახლა ამ პროცესს, მიცემულია ამ მეთვალყურეობისთვის ძალიან კონკრეტული ვადა, ეს არის 2 კვირა და ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. ახლა დადგა მომენტი, როდესაც საერთაშორისო ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მარტივი ინტერპრეტაციაა”,- განაცხადა ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები