ეკა სეფაშვილი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კვიპროსის გამოცდილების გაცნობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელების საკითხებში

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, კვიპროსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრები გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ანიტა დემეტრიოუს შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. მაღალი დონის შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა ოკუპაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ასევე, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კვიპროსის გამოცდილების გაცნობა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელების საკითხებში. მტკიცედ დავაფიქსირეთ საქართველოს და კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერა.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გარღმავება კულტურულ, ეკონომიკურ, განათლების და შრომითი მიგრაციის მიმართულებებით”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ქართულმა დელეგაციამ მადლობა გადაუხადა კვიპროსის ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზის მხარდაჭერითვის. საქართველომ, თავის მხრივ, კვიპროსის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-სთან. საქართველოს პრეზიდენტმა, ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით, მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისათვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება. ქართულმა დელეგაციამ ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები