13-14 ნოემბერს პირველი საერთაშორისო ანიმაციის კონფერენცია გაიმართება
13-14 ნოემბერს, 12:30 საათზე, სასტუმროში „რუმს თბილისში” პირველი საერთაშორისო ანიმაციის კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია ავრცელებს.
მათიცე ცნობით, კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, დირექტორებს, სპონსორებს, ანიმატორებსა თუ ტელერედაქტორებს აძლევს საშუალებას მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, დაამყარონ სათანადო კავშირები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.
ამასთან, კონფერენციის მიზანია საქართველოს წარმოჩენა და დამკვიდრება საერთაშორისო ანიმაციის რუკაზე, ქართველი ანიმატორების პოტენციალის ჩვენება და მათთვის ისეთი ქვეყნების ბაზრებზე წვდომა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპის ქვეყნები და ა.შ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, Covid-19-თან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლო მოსალოდნელი შეზღუდვების გათვალისწინებით, კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს კონფერენციას დაესწრონ, როგორც ფიზიკურად, ასევე, ვირტუალურ სივრცეში – www.saqanima.com
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის : www.saqanima.com/anima-tbilisi/