შს მინისტრის მოადგილემ ერიკა ოლსონს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი – ერიკა ოლსონი აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორთან – სარა რუპერტთან ერთად ეწვია.

სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, რის შემდეგაც დეპარტამენტის თანამედროვე შენობაში განთავსებული სხვადასხვა ლაბორატორია: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზების ლაბორატორიები და ტირი დაათვალიერებინა.

გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს ​ამერიკული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი საქართველოში შეხვედრებს 4 ნოემბრიდან ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები