„ჯანდაცვის სექტორს უსერიოზულესი პრობლემები ექნება, პაციენტების რაოდენობას ვერ ავუვალთ, რადგან რეკომენდაციები არ სრულდება“ – მაკა ბულეიშვილი
“როგორც ექიმი, როგორც კლინიცისტი, ვხედავ, რომ ჯანდაცვის სექტორს უახლოეს პერიოდში უსერიოზულესი პრობლემები ექნება. სამწუხაროდ, პაციენტების რაოდენობას ვერ ავუვალთ იმიტომ, რომ არანაირი რეკომენდაციები არ სრულდება”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბულეიშვილის თქმით, დეკემბრის თვისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა, ძალიან მძიმე გვქონდეს.
„ამ ქვეყანაშიც დამარცხდება კოვიდი, მაგრამ, დღეს არსებული ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტივი არაა იმის პროგნოზირება, როდის მოხდება ეს. ძალიან კარგად გვახსოვს, რაც ხდებოდა შარშან, თუნდაც აგვისტოშიც, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გაგვიწყდება. ვირუსის ტალღიდან ტალღამდე ვცხოვრობთ.
გვაქვს ინფიცირებულთა მაღალი რიცხვი, ეს 2-3- კვირის შემდგომ როგორც მძიმე პაციენტთა რიცხვის, ისე ლეტალური შემთხვევების მკვეთრ ზრდაში აისახება ხოლმე. ძალიან მძიმე მდგომაროებაში ვიმყოფებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ, თითქოს, კორონავირუსი ყველაზე ადრე დავამარცხეთ, არადა, ვხედავთ, რა მდგომარეობაში ვართ. როგორც ექიმი, როგორც კლინიცისტი, ვხედავ, რომ ჯანდაცვის სექტორს უახლოეს პერიოდში უსერიოზულესი პრობლემები ექნება. შემოდგომა-ზამთრის პერიდოში, დეკემბრის თვისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიძლება, ძალიან მძიმე გვქონდეს. არ ვიცავთ რეკომენდაციებს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა. ყველანაირი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ადამიანი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. ხომ შეიძლება, რეკომენდაციების დაცვა მაინც მოხდეს? რა უნდა ნიღბის ტარებას და იმის გაგებას, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებით?
სამწუხაროდ, პაციენტების რაოდენობას ვერ ავუვალთ იმიტომ, რომ არანაირი რეკომენდაციები არ სრულდება“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 75 პაციენტი.
თამუნა შეყილაძე