ლევან რატიანი: გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომჯდარ უამრავ პაციენტს ვხედავ, რადგან ბოლო რამდენიმე კვირაა, კლინიკაში ადგილი საერთოდ არ არის
ლევან რატიანმა, „იმედის დღეში“, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის და პაციენტებს სკამებზე უწევთ ჯდომა.
„მართალია, სულ ამას ვამბობდით, რომ აუცილებლად გადავრჩებით და დღესაც ამ განწყობაზე ვარ, რომ აუცილებლად გადავრჩებით, მაგრამ ამისთვის გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პირველი – ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. დამეთანხმებით, ჩვენ ყველას, საბედნიეროდ, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვარღვევთ ამ სიყვარულის კანონებს. დღეს რომ მოვდიოდი თქვენთან, უამრავი პაციენტი ვნახე, რომელიც უკვე სკამზე ზის მიმღებ განყოფილებაში იმიტომ, რომ ადგილი არ არის. ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ ადგილი არ არის კლინიკაში. ხანდახან გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომსხდარ პაციენტებს ვხედავ, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, უჭირთ სუნთქვა. რამ გამოიწვია ეს? ბევრი კითხვის ნიშანი არ არსებობს – გამოიწია ჩვენმა დაუდევრობამ, ერთმანეთის გაუფრთხილებლობამ“, – აღნიშნა რატიანმა.