აშშ-ის სამხედრო გემები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანეს, ბათუმის პორტში შემოვიდნენ
ხუთი წლის შემდეგ, მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი” საქართველოში დაბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხომალდი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით იმყოფებოდა.
“მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნისა” და „პორტერს”! ხუთი წლის შემდეგ, მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი” საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნტ უიტნი” ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ბათუმის პორტში ეკიპაჟების წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დახვდა. ღონისძიებაზე ამერიკისა და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, ასევე, შესრულდა ქართული ცეკვები.
სანაპიროს დაცვასთან ერთად, უკვე გაიმართა წვრთნები. ეკიპაჟის წევრები ქალაქსაც დაათვალიერებენ.