“მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ქვეყნისთვის საზიანო საქმეს აკეთებენ და ამით ერთმანეთს აძლიერებენ” – ანა დოლიძე

“ჩვენ წინაშეა სამოქალაქო საზოგადოების პოლარიზების კლასიკური მაგალითი, რომელიც ქვეყანას ღუპავს”, – ასე აფასებს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

მისივე თქმით, მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ქვეყნისთვის საზიანო საქმეს აკეთებენ და ამით ერთმანეთს აძლიერებენ.

“ჩვენ წინაშეა სამოქალაქო საზოგადოების პოლარიზების კლასიკური მაგალითი, რომელიც ღუპავს ქვეყანას. უპირველესად ეს ხელისუფლების ინტერესია, რათა თვეები გაატარონ სააკაშვილზე ლაპარაკში. ეს აწყობთ პატიმარ ექსპრეზიდენტსაც და “ნაცმოძრაობასაც”. ხელისუფლებამ მოსახლეობა პანდემიის პირისპირ მარტო დატოვა, ამხელა ფული ისესხა და რატომ არავის აინტერესებს, როგორ დახარჯა, სად არის კორუფცია… ახლა სააკაშვილზეა აქცენტი გადატანილი. მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ქვეყნისთვის საზიანო საქმეს აკეთებენ და ამით ერთმანეთს აძლიერებენ. არადა, რამდენიმე ხნის წინ “ნაცმოძრაობას” მივმართე, რატომ არ ითხოვენ სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას. ეს ორგანიზაცია ერთ დღეში გამოიტანდა განაჩენს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.

“ნაციონალებს” აქვთ ამის გამოცდილება, მაგალითად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თემას რომ განიხილავდნენ, საქმე სტრასბურგში გაგზავნეს და მისი ჩამორთმევა რამდენიმე თვით გადადეს. ტელეკომპანიამ რამდენიმე თვე მოიგო და შემდეგ “მთავარი არხი” ჩამოაყალიბა. ასე რომ, მათ ახლა გონივრული გამოსავლის პოვნა კი არ უჭირთ, გუნდში ვიღაც ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილების მიღებას. ეს პანიკა ერთ დღეში მოგვარდებოდა, სტრასბურგის სასამართლოსთვის რომ მიემართათ. როგორც ჩანს, ორივე მხარის, განსაკუთრებით, “ნაცმოძრაობის”, ინტერესებშია საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა, თან მუდმივად პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში უნდა იყვნენ. თავდაპირველად მეგონა, რომ არ გაახსენდათ, ამიტომ შევთავაზე, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ წრე შეიკრა – მმართველი პარტია ცდილობს ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ისრები სააკაშვილის შიმშილობაზე გადაიტანოს, მისი თანაგუნდელები კი ცდილობენ მისი მხარდამჭერების ემოციებზე ითამაშონ და ვითარება უფრო გაამწვავონ. თვეზე მეტია, ექსპრეზიდენტი შიმშილობს, საქალაქო საავადმყოფოში არ გადაჰყავთ, ის მოთხოვნებს არ ცვლის. ღმერთმა ნუ ქნას, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. ეს კატასტროფა იქნება როგორც მისი ოპონენტების, ასევე ქვეყნისთვის. ერთადერთი, ვინც იხეირებს, ჩვენი მტერი იქნება. თუ მის მხარდამჭერებს მართლაც უკეთეს მომავალზე აქვთ პრეტენზია, მაგრამ მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს შიმშილობა (პირიქით, ვიღაცებმა თავად დაიწყეს), იმედია, აცნობიერებენ, რომ ეს უმძიმესი სცენარი არ უნდა დაუშვან.

ყველაზე უზენაესი ადამიანის სიცოცხლეა, ვინც უნდა იყოს. თუმცა, როდესაც დამნაშავეა, ასევე ვინც უნდა იყოს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მით უფრო, რომ არსებობს სტრასბურგის 39-ე მუხლი და როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას დაავალებს სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას, ამით “ნაციონალები” ხომ მოგებული დარჩებიან, მაგრამ არ მიდიან ამ გზით. რაღაც სხვას ელიან. ვინაიდან სააკაშვილმა დანაშაული საქართველოში ჩაიდინა, მსგავს სიტუაციებში ექსტრადირება არ ხდება, მაგრამ შეუძლებელი არ არის. თუმცა ექსტრადიციას მეორე პრინციპიც აქვს – ის უკრაინის მოქალაქეა და დიპლომატიური შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მისი გადაყვანა. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილს ეს არ ენდომება, ვინაიდან ამ ფორმით მას ბრძოლის ველიდან გაიწვევენ. არც ხელისუფლებას აქვს მაინცდამაინც სხვა გამოსავალი, რადგან ამ შემთხვევაში მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად არიან. სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომის ჩატარება პრობლემატური იქნება, რადგან მისი მომხრეები სასამართლოსთან შეიკრიბებიან და ამას შეიძლება ინციდენტები მოჰყვეს. გირგვლიანის საქმეზე, 20 კაცი ვიყავით და სასამართლოს შენობას ჰაერში ვატრიალებდით. გარდა ამისა, ასეთ ქმედებას საერთაშორისო საზოგადოებრიობის კრიტიკა მოჰყვება – იტყვიან, რომ მას ამის უფლება აქვს. უცხოური მედია ამ ყველაფერს, მომხრეების საპროტესტო გამოსვლებს ძალიან მძიმედ შეაფასებს. მოკლედ, საერთაშორისო დონეზე ბარბაროსების ქვეყნად გამოგვიყვანენ. თუმცა არც იმ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ გაათავისუფლონ. სწორად უნდა გაასამართლონ. ხელისუფლებას აქვს ძალიან მოკლევადიანი გათვლა – სააკაშვილს კითხვების მიუხედავად გაასამართლებს, რათა სათქმელი ჰქონდეს, დამნაშავე იყო და მისი სტატუსის მიუხედავად, გავასამართლეთო. იციან, რომ სტრასბურგიდან გადაწყვეტილებები 6-7 წლის შემდეგ მოდის და არად დაგიდევთ, შემდეგ რა იქნება და ვინ რომელ მხარეს დადგება. ეს არის მათი გეგმა”, – აცხადებს დოლიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები