თეოლოგი სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსს აშშ-დან მიმართავს
თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის გამგებელს, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს ღია წერილით მიმართავს. სონღულაშვილი 19 ივლისს სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე განხორციელებულ თავდასხმას შემაძრწუნებელს უწოდებს. პროფესორი ეპისკოპოსს საქართველოში სიბნელის ყველანაირი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგ გაერთიანებას სთავაზობს.
„ძვირფასო მეუფე და ძმაო, მოგესალმები შორეული ამერიკიდან, სადაც ახლა ვიმყოფები დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე. აქ ჩვენ შევიტყვეთ სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე 19 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შემაძრწუნებელი ამბავი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში თავს ესხმიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სომხური ეთნოსის წარმომადგენლები არიან და მათ სიწმიდეებს ხელყოფენ. მე, როგორც ქრისტიანი და ქართველი, როგორც საქართველოს უბრალო მოქალაქე, ბოდიშს გიხდით თქვენ და თქვენს მრევლს ამ გამაოგნებელი ინციდენტისათვის. იმედი მაქვს თქვენი მრევლის სულგრძელებისა და მიმტევებლობის უნარისა. სამწუხაროდ, ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე ისეთ ერად და ქვეყნად ჩამოვყალიბდებით, სადაც მხოლოდ თავის მოსაწონებლად კი არ ვილაპარაკებთ “ტრადიციულ ტოლერანტობაზე”, არამედ ყველანი ერთმანეთს დავაფასებთ და ჩვენი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და სხვა განსხვავებებით ვიამაყებთ. ჩვენ ხომ იმ კაცის ქვეყანა ვართ, რომელიც უკვე რვაასი წელია გვასწავლის, რომ “უთვალავის ფერით” შემკული, ანუ მრავალფეროვანი სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ღმერთის ნაჩუქარია და ასეთადვე უნდა დავაფასოთ. ეს ჩემი ბოდიში ლიტონ სიტყვებად რომ არ იყოს აღქმული, მინდა ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით შემოგთავაზოთ, რომ ერთად დავირაზმოთ ჩვენს ქვეყანაში სიბნელის ყველანაირი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგ, ვიდრე ეს ქვეყანა თავზე დაგვემხობა.
საქართველო ჩვენი საერთო სახლი და სამშობლოა; მისი კარგი გვახარებს ყველას და მისი ავი გვადარდებს. ტოლერანტობაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ ახლა ეს უკვე საკმარისი აღარ არის. “ტოლერანტობა” თავად იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ერთმანეთი კი არ გვიყვარს, არამედ “ვიტანთ”. თუ ეს ასეა, ვინ იცის, როდემდე ავიტანთ ერთმანეთს, ან როდის გამოჩნდება ის ძალა, რომელიც წამქეზებლის როლს ითამაშებს იმისთვის, რომ ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდეს მათ შორის, ვისაც “იტანენ” და ვინც იტანს. ჩვენ გვჭირდება შოთასა და ვაჟას სულიერ მემკვიდრეობასთან დაბრუნება, რათა კი არ „ავიტანოთ“ განსხვავებული ადამიანები, არამედ მოწიწებით და სიყვარულით მოვეკიდოთ მათ. დროა გავიგოთ ყველამ, რომ განსხვავებულობა სატკივარი კი არ არის, არამედ სიბნელით გამოწვეული წყლულების მალამოა. ჩვენი ლოგიკა ასეთი უნდა იყოს: მე განსხვავებული ვარ შენგან, შენ განსხვავებული ხარ ჩემგან, ამიტომ მოდი და ჩვენი განსხვავებულობის ნიჭები ერთმანეთს გავუზიაროთ და ამით ერთმანეთი გავამდიდროთ. მე ვლოცულობ, ჩემო ყოვლადუსამღვდელოესო ძმაო, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავი დააღწიოს მის თავს მოხვეულ სიბნელეს და ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ, სადაც თითოეული ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს იგი. ჩვენ ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ ერთად და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრის გადავიტანთ ჩვენს ქვეყანაში სიკეთის, უპირობო სიყვარულის, თანალმობისა და სოლიდარობის გასაღრმავებლად“, – წერს თეოლოგი.