ეკატერინე ტიკარაძემ და კელი დეგნანმა საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია და ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, ამ კუთხით ბიზნესის აქტივაცია და ასევე მწვანე საშვების საკითხი იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მწვანე საშვის ამოქმედება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ნაწილში.

„აშშ-ის ელჩთან ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, განვიხილეთ ვაქცინაცია და არსებული გამოწვევები. მისგან მოვისმინეთ რეკომენდაციები, თუ როგორ წარიმართა პროცესი აშშ-ში, რა ეტაპები გაიარა მწვანე საშვის ამოქმედებამ, რა რეზისტენტობა იყო, როგორც ბიზნესის ასევე მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოშიც შემოღებული იყოს ეს პასპორტი კოვიდ პანდემიის მართვის სასარგებლოდ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია მწვანე პასპორტის ამოქმედება, ვინაიდან 40 000-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობს ბინაზე და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი გადაადგილება გაკონტროლდეს, რითიც ეს დაიცავს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„მინისტრთან და პირველ მოადგილესთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ საქართველოში COVID-ის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს დაავადების შემთხვევათა შესამცირებლად. რაც მთავარია, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად. აქ ორი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ ცოტა რამ თუ იყო COVID-ზე ცნობილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ მის შესახებ და რაც მთავარია, ჩვენ შევიტყეთ რომ, ვაქცინას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები ამ ვირუსისგან. საქართველოში ბევრმა გადაიტანა კოვიდი ან იცნობს ადამიანებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს დაავადება, საავადმყოფოში აღმოჩდნენ ან გარდაიცვალნენ. სამწუხარიდ, 10 000-ზე მეტი ქართველია გარდაცვლილი COVID-ით. ეს სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მეცნიერების დახმარებით, ჩვენ გვაქვს პასუხი ამ გამოწვევაზე, რაც არის ვაქცინაცია.

დღეს მინისტრთან განვიხილეთ სხვადასხვა მიდგომა ვაქცინაციის წასახალისებლად. რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და საზოგადოება, რათა ისევ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამას კი ვერ გავაკეთებთ, სანამ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება. შეხვედრის დროს ასევე ნაყოფიერი იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას გააგრძელოს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა პანდემიაზე რეაგირების კუთხით.

ჩვენ ორი წელია ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან, ასევე საქართველოს წითელ ჯვართან, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, მზად ვართ დაგეხმაროთ ყველანაირად, რაც შეგვიძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ვაქცინა უსაფრთხო და მნიშვნელოვანი მათთვის და მათი საყვარელი ადამიანებისთვის. იმედია, რომ შევძლებთ დახმარებას ამ მნიშვნელოვან დროს.

რაც შეეხება მწვანე პასპორტის ინიციატივას, ის ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში. ის დაეხმარა ადამიანებს გააცნობიერონ, რომ ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას დავუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

ასე რომ, მწვანე პასპორტს ნამდვილად შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია, საქართველოშიც ასე იქნება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ოფისის დირექტორი ჩარლზ ვიტეკი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვებლერი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები