„ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ვაქცინაციის სტიმულირებისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული, ე.წ. მწვანე პასპორტებია“ – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, თსსუ- ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც კოვიდვაქცინაციის სტიმულირებისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული, ე.წ. მწვანე პასპორტებია.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში ვაქცინაციის სტიმულირებისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული, ე.წ. მწვანე პასპორტებია. ეს არის ციფრული პასპორტი, რომელიც მის მფლობელს საშუალებს აძლევს, შეუფერხებლად მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც ქვეყანაშია, ეს იქნება, თეატრი, კინო, საგამოფენო სივრცე, თუ სარესტორნე სივრცე, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი, რომელიც გამოყენებული იყო ბევრ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ეს იქნება სტიმული, განსაკუთრებით, 16-დან 29 წლამდე ასაკის მოსახლეობისთვის. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. რაოდენ გასაოცარიც  უნდა იყოს, სწორედ ახალგაზრდები არიან ყველაზე ნაკლებად აქტიურები, ამ დროს კი – ყველაზე მეტად მობილურები. ამ მექნიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება იმისათვის, რომ ვაქცინაციის კაბინეტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავიდეს. ეს აპრობირებული მეთოდია, ბევრმა ქვეყანამ ე.წ. მწვანე პასპორტების მექანიზმის ჩართვის შემდეგ შესანიშნავი შედეგი მიიღო“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები