ახალი კანონის მიღება ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისთვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ემსახურება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი გურგენიძის თქმით, პროექტთა პაკეტი შემუშავებულია ეროვნული ბანკის ავტორობით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტზე მუშაობა ორ წელზე მეტია მიმდინარეობს ბაზრის მონაწილე მხარეების აქტიური ჩართულობით და ეფუძნება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, კერძოდ ევროკავშირის შესაბამის რეგულაციას. პროექტი წარმოადგენს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს და იგი ემსახურება თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისთვის, რითაც უფრო ლიკვიდური გახდება ფასიანი ქაღალდების გამოყენება. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ცნებების შემოღებას, როგორიცაა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები”, „ანგარიშის მწარმოებელი”, გაჩნდება ანგარიშის მფლობელის ინსტიტუტი, რომელიც ფლობს ფასიან ქაღალდს და სხვა სიახლეები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ გარანტიებს – ვალდებულებას პირებს შორის, რომ არ მოხდეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ცდომილება.

პაკეტში შედის კანონპროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონში ცვლილებები და სხვა ოცამდე კანონპროექტი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განხილვის დასრულების შემდეგ მხარი დაუჭირა აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები