დავით ზალკალიანი: ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერმინისტრის მხრიდან, მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში
ჩვენი საუბარი იმ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რა მოლოდინებიც გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ იანეზ იანშას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მისი თქმით, ძალიან პოზიტიურად ფასდება ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან. საუბარი შეეხება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ასევე, მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. მოგეხსენებათ, რომ სლოვენია ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირს და ის იქნება თავმჯდომარე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი იმ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რა მოლოდინებიც გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში. ძალიან პოზიტიურად ფასდება ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იყო დაფიქსირებული, რომ მიდგომა უნდა იყოს დიფერენცირებული – ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირებული ტრიო ჩამოყალიბებული, უფრო მეტს იმსახურებენ და ჩვენი მცდელობები, რაც მიმართულია ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაზე, მოითხოვს შემხვედრ ნაბიჯს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ამ შეხვედრაზე, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ქვეყნის პრემიერმინისტრის მხრიდან, მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი როგორც უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე – გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენი 2024 წლის მიზანთან მიმართებით, რაც არის განაცხადის გაკეთება ევროკავშირში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.