გეგუთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები პროვოკაციას გეგმავენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები პროვოკაციას გეგმავენ. როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს ამის შესახებ უწყება ინფორმაციას უკვე რამდენიმე კვირაა ფლობს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე რამდენიმე კვირაა ფლობს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები პროვოკაციას გეგმავენ. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ ეცნობა სახალხო დამცველსა და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელს. პროვოკაციის მცდელობა უკავშირდება იმას, რომ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, დაწესებულებაში ვითარება შეიცვალა და მსჯავრდებულებს შეეზღუდათ ის თავისუფლება, რაც სცდებოდა სარეჟიმო მოთხოვნების ზღვარს, გარდა ამისა, გატარდა რამდენიმე სარეჟიმო ღონისძიებაც. სწორედ ამიტომ, მსჯავრდებულები ცდილობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით შექმნან არასტაბილური გარემო, რათა შესუსტდეს მათზე კონტროლი, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კანონის სრული დაცვით ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში ძველი კადრების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის. უწყებაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, არასათანადო მოპყრობასა და გაუსაძლის პირობებზეც. „ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში ძველი კადრები დაბრუნდნენ, სიმართლეს ისევე არ შეესაბამება, როგორც საუბარი არასათანადო მოპყრობასა და გაუსაძლის პირობებზე. მსჯავრდებულებმა დღეს სრულიად შეგნებულად თქვეს უარი თბილი ტანსაცმლის მიღებაზე, რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს დაწესებულების ადმინისტრაცია მათზე ზეწოლას ახორციელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.