პენტაგონი მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინისთვის თავდაცვითი სისტემების მიწოდებაზე შეზღუდვები მოხსნან
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში – ლორა კუპერი მოუწოდებს ვაშინგტონის ყველა მოკავშირეს, უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა მოხსნან.
ამის შესახებ მან სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ორგანიზებული ღონისძიების დროს თქვა.
“უპირველეს ყოვლისა, მე მინდა, რომ ყველა მოკავშირემ ლეტალური თავდაცვითი იარაღის სახით დახმარების მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა მოხსნას. ამ დროისთვის, აშშ-მა მიაწოდა Javelin-ის სარაკეტო სისტემები საქართველოსა და უკრაინას, რომლებმაც ისინი უკვე შეიძინეს”, – თქვა კუპერმა.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს, „შეიძინოს ის საშუალებები, რაც მას სჭირდება თავდაცვისთვის“.
“ამიტომ, ვისურვებდი, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნას“, – დაასკვნა პენტაგონის ხელმძღვანლის მოადგილემ.
ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანლის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კიევმა აშშ-დან ლეტალური იარაღის ახალი პარტია მიიღო. მისი თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავმა ქვეყანაში ჩაიტანა „ბევრი, მაღალი სიზუსტის შეტევითი იარაღი“.
მანამდე, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 60 მილიონი დოლარის ოდენობით, “ჯაველინის” მიწოდების ჩათვლით.
2017 წელს თეთრმა სახლმა დაამტკიცა კიევისთვის იარაღის მიწოდება, მათ შორის, Javelin პორტატული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.