გამოძიების ახალი დეტალები – რევოლვერში, რომლითაც ბოლდუინმა შემთხვევით ოპერატორი მოკლა, საბრძოლო ტყვია აღმოჩნდა

ჰოლივუდის ფილმის, Rust-ის გადაღებისას გამოყენებული რევოლვერი – „კოლტი“, რომლითაც კინომსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით მოკლა ოპერატორი – ჰალინა ჰატჩინსი, კარგად შემოწმებული არ იყო, რადგან საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა.

ამ და გამოძიების ზოგიერთ დეტალზე ნიუ მექსიკოს შტატის სანტა-ფეს ოლქის შერიფმა და პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

სანტა-ფეს ოლქის შერიფ ეიდან მენდოსას განცხადებით, გამოძიება ჯერ საწყის სტადიაზეა და ნაადრევია საუბარი შესაძლო ეჭვმიტანილებზე, ბრალის წარდგენასა და დაკავებაზე.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ალეკ ბოლდუინისთვის რევოლვერის გადაცემის პროცესში მონაწილეობდნენ რეკვიზიტზე პასუხისმგებელი – ჰანა გუტიერეში და რეჟისორის თანაშემწე – დეივ ჰოლსი. გუტიერეშის ჩვენების მიხედვით, გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ტყვიები არასდროს ყოფილა, რევოლვერი კი შესვენებების დროს ინახებოდა სეიფში და მასზე წვდომა ჰქონდა რამდენიმე პირს.

სცენის გადაღების წინ, ალეკ ბოლდუინს რევოლვერი გადასცა რეჟისორის თანაშემწე დეივ ჰოლსმა, რომელმაც მსახიობს უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო. თუმცა, სავარაუდოდ, იარაღში ყველა ტყვია შემოწმებული არ ყოფილა. ამ კვირაში, საპროდიუსერო კომპანია Rocket Soul-მა განაცხადა, რომ 2019 წელს, ჰოლსი ერთ-ერთი ფილმის გადაღებიდან დაითხოვეს იარაღის გამოყენებით მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

სანტა-ფეში, ფილმის Rust გადაღებისას უბედური შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა. კინომსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ რევოლვერიდან გასროლამ ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიჭრა ფილმის რეჟისორი – ჯოელ სოუზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები