იუსტიციის სახლები წინასწარი დაჯავშნის გარეშე 50.000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურნენ
წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღება იუსტიციის სახლებში უკვე 50.000-მა მომხმარებელმა შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯავშნის საჭიროება იუსტიციის სახლებში 25 ოქტომბერს მოიხსნა და გამარტივებული მომსახურებით პირველივე დღეს 20.000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
დღეს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა წყალტუბოსა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოინახულეს და ჯავშნის გარეშე სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნენ. წინასწარი ჯავშნის მოხსნის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდასა და მოქალაქეების მხრიდან მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნას უკავშირდება. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, თავად აირჩიონ ვიზიტისთვის სასურველი დრო. სერვისების გაცემის გამარტივების პარალელურად, იუსტიციის სახლი ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, შიდა სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატებით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და სადეზინფექციო სითხეებით. რიგის მართვა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება, მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.