კახა სიხარულიძემ დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მონაწილეობა მიიღო იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამართულ იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამოცემული, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების” ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია.

ასევე, მოეწყო ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის მიერ დანტე ალიგიერის პორტრეტის მიხედვით შესრულებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფოსტის მიერ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით გამოიცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის და თსუ-ს რომანული ენების ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით კი გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „დანტეს შემოქმედება, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური”. იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული 18 ოქტომბრიდან იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართებოდა და ის დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს მიეძღვნა.

იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში, საქართველოში იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა – ლევან ჩიკვაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები