სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროექტი ხორციელდება

26 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის – „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ გახსნის ცერემონია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ღონისძიებაზე ოფიციალური მისალმება გააკეთეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა.

დაძმობილების პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველი კომპონენტის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს შესწორება და განახლება. მეორე მათგანი ითვალისწინებს გამართული, ეროვნულ დონეზე რეგულირებული სარკინიგზო ბაზრის/სექტორის შექმნას. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ის ემსახურება რკინიგზის შესაბამისი უწყებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ პარტნიორებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ყველა აქტივობა უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

ღონისძიებას დაესწრნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოდან, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ასევე, დაძმობილების პროექტის ლიდერები და მთავარი ექსპერტები საქართველოდან და პოლონეთიდან.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის სარკინიგზო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან ერთად. პროექტი დაიწყო 2021 წლის მარტში და მისი საერთო მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოებისა და საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები