ნიკა მელია: 30 ოქტომბერს გადაწყდება, ეს ქვეყანა სახელმწიფოს სახით გააგრძელებს განვითარებას, თუ ვიქცევით მართლა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ
“ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი, რომლის ხელშიც მოდერნზიზდა სახელმწიფო”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარეობს.
მისივე თქმით, 30 ოქტომბერი ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელია ამ ქვეყანაში.
„პირველ რიგში, ზრუნვა მიხეილ სააკაშვილს კიარ სჭირდება, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ალალად ასე ვფიქრობ და ასე ვამბობ, თუკი რამეს სჭირდება ზრუნვა, სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ღირსების შენარჩუნებას. ჩვენი ღირსების დაცვა და ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნვა არის სწორედ, რომ შეიძლება, ვიღაცას ყურს სჭრიდეს ეს, მაგრამ გულის სიღრმეში, „ქართული ოცნების“ გულანთებულმა აქტივისტმაც კი იცის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი, რომლის ხელშიც მოდერნზიდა სახელმწიფო. ვიდრე სააკაშვილი დატყვევებული ჰყავს რეჟიმს ციხეში, თითოეული ღირსება შენარჩუნებული საქართველოს მოქალაქის ვალია, ეს ყველაფერი აღარ გრძელდებოდეს და რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუძლებს, მიხეილ სააკაშვილი იქნება ფიზიკურად დაცული, სააკაშვილმა განგებ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. რომ არა გულანთებული ქართველი, რომ არა ის ამოცანები, რომელიც ასიათასობით მოქალაქეს აქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა იხილოს დიდი ევროპული ოჯახის რიგებში, მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. არ დაგიმალავთ, გული მწყდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო, არჩევნებში მონაწილეობას რა მნიშვნელობა აქვსო, და ამავე დროს, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე. პირდაპირ გეუბნებით, მოურიდებლად, ერთი მეორესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ხალხო, 30 ოქტომბერი არის ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი, 30 ოქტომბერს გადაწყდება, ეს ქვეყანა სახელმწიფოს სახით გააგრძელებს განვითარებას, თუ ვიქცევით მართლა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ. 30 ოქტომბერს გადაწყდება, მიხეილ სააკაშვილი მრავალი წელი იქნება იქ, სადაც ახლა არის, და ბევრი ჩვენგანი კიდევ იქ ვიჯდებით, თუ იქ აღარ იქნება. ხოდა, მაშინ ჩვენ გადავწყვიტოთ, 30 ოქტომბერს გვიღირს ბრძოლა, თუ არ გვიღირს, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.