ირაკლი ღარიბაშვილი: თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, მას უპირისპირდება ბოტკოველი, რომელიც გამოირჩევა უბადლო ტყუილებით, დემაგოგიით და არის მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე

“მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თელავი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც მმართველმა გუნდმა პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა კანდიდატს გამარჯვების პირველსავე ტურში დასასრულებლად გარკვეული ხმები დააკლდა.

„მოგეხსენებათ, ფაქტორი იყო ყოფილი გუნდის წევრის, რამაც ჩვენი მომხრეები გარკვეულწილად დააბნია, მათ შეძლეს გარკვეული ხმების მობილიზება და პირველ ტურში შესაბამისად დაგვაკლდა გარკვეული რაოდენობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურში, ბუნებრივია ძალიან ღირსეულად გავიმარჯვებთ, ლევანი გაიმარჯვებს ღირსეულად, თელავის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად და სწორად აფასებს არსებულ მოცემულობას და მჯერა, თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მმართველი გუნდის კანდიდატის ოპონენტზე, რომელიც მას მეორე ტურში უპირისპირდება.

„ლევანს უპირისპირდება კაცი, გვარად ბოტკოველი, რომელიც გამოირჩევა უბადლო ტყუილებით, დემაგოგიით და სიცრუით და ძალიან ბევრ ადამიანს ატყუებს. თელავი დიდი ქალაქია, მაგრამ ამავდროულად, აქ ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს და კარგად ახსოვს თელავს, რას საქმიანობდა ბატონი ბოტკოველი, როგორ იყო ჩართული უკანონო საქმიანობაში სააკაშვილის მმართველობის დროს, როცა იყო გუბერნატორის მოადგილე. თავად ატერორებდა გლეხებს, ბიზნესს და უამრავ ფერმერს, მოსახლეობის წინააღმდეგ ძალიან ბევრ უსამართლო და უკანონო საქმიანობას სჩადიოდა. ბოტკოველი არის სააკაშვილის ჩვეულებრივი სახე, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე, პარტიისა, რომელიც არის კოლექტიური უბირიები. უბირია არის ადამიანი, რომელიც მიჰყავდათ „ნაცმოძრაობის” ლიდერებს და აუპატიურებინებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ. ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა. 30 ოქტომბერს ჩვენ ძალიან მშვიდ არჩევნებს ჩავატარებთ, მშვიდად, მტკიცედ, ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში. მინდა, კიდევ ერთხელ ჩემს ძვირფას მშობლიურ თელავს და თელაველებს მივმართო და ვუთხრა, რომ უშუალოდ, მე პირადად ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის და განსაკუთრებული ემოცია მაქვს თელავის მიმართ, კახეთის მიმართ მოგეხსენებათ, თუმცა აქ არავითარი დიფერენცირება არ იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ მექნება თანაბარი მიდგომა. ჩვენ ვგეგმავთ, ბიუჯეტიც გავზარდოთ, ძალიან ბევრი მაგარი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, მათ შორის ახალი ტურისტული ატრაქციების გაკეთებას თელავში, მასშტაბური, გრანდიოზული ურბანული განახლების პროგრამებს ვიწყებთ იანვრიდან დამატებით და ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს. რა თქმა უნდა, არ მინდა, არავის გვსურს, თელაველებს და თელავს, რომ ვინმემ გააგრძელოს საბოტაჟი, ისეთი, როგორიც ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ აქ მყარი უმრავლესობა გვყავს საკრებულოში, სრულად ვაკონტროლებთ საკრებულოს და შესაბამისად, არავითარი პრობლემა არ ექნება თელავს, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას ვპირდები მე პირადად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები