თეა წულუკიანის ინიციატივით ფოთში 2021 წლიდან ნიჩბოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზა აღდგება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის ნიჩბოსნობისა და კანოეს ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობა კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეაფასა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ინფრასტრუქტურის სერიოზული დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპორტული ბაზის პრაქტიკულად არარსებობა.
“ასეთ ფედერაციებს განეკუთვნება, სხვებს შორის, აკადემიური ნიჩბოსნობა და კანოე, სპორტის ოლიმპიური სახეობები, რომლებიც ნორმალური სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესის წარმართვას ძნელად ახერხებენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტის ამ სახეობებში საქართველოს ჰყავს ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც ხელშეწყობა ესაჭიროება.
მინისტრის თქმით, ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაციების პრობლემები ორმაგად უსიამოვნოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობებში დიდი ტრადიციები ჰქონდა და ფოთში მდებარე მალთაყვის ბაზაზე მოსამზადებლად და საშეჯიბროდ ქართველ სპორტსმენებთან არაერთი ქვეყნის სპორტსმენები ჩამოდიოდნენ.
თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ეტაპობრივად მოხდება მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.