სტოლტენბერგი: ევროკავშირმა ნატო-ში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს, ჩვენ გვჭირდება ახალი ძალები და არა – დუბლირებული სტრუქტურები

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ევროკავშირს, თავდაცვაში ინვესტიცია განახორციელოს და არა – დუბლირებული სტრუქტურები შექმნას.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, ორდღიანი მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოუთმენლად ველოდები ახალ დეკლარაციას ევროკავშირ-ნატო-ს ურთიერთობების შესახებ. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა უსაფრთხოების მიმართ. მივესალმებით ევროკავშირის ქვეყნების მზარდ ძალისხმევას ნატო-ს ფარგლებში თავდაცვაში, მოვუწოდებ მეტი ინვესტიციის ჩადებისკენ, მეტი თანამედროვე ძალებისა და საშუალებების უზრუნველყოფისკენ. მაგრამ ამ ძალისხმევამ არ უნდა გაიმეოროს ნატო-ს საქმიანობა, ჩვენ გვჭირდება ახალი ძალები და საშუალებები და არა – ახალი სტრუქტურები“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობამ ახალ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია.

„ჩვენ რეალურ დროში ვცვლით ინფორმაციას კიბერსივრცეში საფრთხეების შესახებ. ეგეოსის ზღვაში ჩვენი საზღვაო მისია თანამშრომლობს ევროკავშირთან, თურქეთთან შეთანხმების შესასრულებლად, კოსოვოში ნატო-ს სამხედროები ევროკავშირის დიპლომატებთან ერთად ინარჩუნებენ მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში,“ – განმარტა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ნატო-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ პრიორიტეტებს შორის არის მავნე ტექნოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლა, კლიმატის ცვლილების გავლენა უსაფრთხოებაზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები