იოსებ არჩვაძე: მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით

მსოფლიო ბანკის ეგიდით, გაერო-ს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების მიერ ერთობლივად შემუშავებული მეთოდიკის საფუძველზე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაანგარიშება მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის მიხედვით ხორციელდება.

ამ შეფასების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი, რომლის მხედვითაც საქართველომ 62.0 ქულით 2021 წელს ისტორიულ მაქსიმუმს – 21-ე ადგილს მიაღწია და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 8 პოზიციით გაიუმჯობესა.

ამ მაჩვენებლით საქართველოს ევროპაში 18-ე ადგილი უკავია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ნორვეგია და შვედეთი.

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძის განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით. კერძოდ, სომხეთს აღნიშნული მაჩვენებლით უკავია 28-ე, თურქეთს – 39-ე, რუსეთს – 53-ე, ხოლო აზერბაიჯანს – მხოლოდ 114-ე ადგილი. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) გაშუალებულად, საერთო მაჩვენებლით რომ ყოფილიყო შეფასებული, იგი მხოლოდ 49-ე ადგილს დაიკავებდა.

ეს შეფასება განხორციელებულია ავტორიტეტული შვეიცარიულ-სამხრეთ კორეული ტრანსეროვნული ორგნიზაცია SolAbility-ის მიერ 26 ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც 5 ფაქტორის სოლიდარული მმართველობა, ინფრასტრუქტურა, ბიზნეს-გარემო, კორუფცია და ფინანსური სტაბილურობა) გათვალისწინებას ეფუძნება.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნული პუბლიკაცია და ავტორიტეტული და მიუკერძოებული საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ საქართველოსათვის მიკუთვნებული მაღალი რეიტინგი ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ეკონომიკური რეფორმების თანმიდევრულად გატარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისათვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის ობიექტური და დამსახურებული შეფასებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები