გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ნატო-მ რუსეთს მკაფიოდ უნდა აგრძნობინოს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, იარაღი გამოიყენოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აცხადებს, რომ ნატო-მ რუსეთს მკაფიოდ უნდა აგრძნობინოს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, იარაღი გამოიყენოს.
ამის შესახებ მან რადიო Deutschlandfunk-თან ინტერვიუში თქვა.
ნატო-ს შეკავების პოლიტიკაზე საუბრისას, მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეს და არავინ უნდა განიხილავდეს ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონში ალიანსის პარტნიორებზე თავდასხმას.
“მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნულ თავდაცვას და ალიანსს. ეს ნიშნავს იმას,რომ საჭიროა მეტი ინვესტიცია, მაგალითად, საჰაერო სივრცის დაცვაში. მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რამდენად ხშირად არღვევს რუსეთი საჰაერო სივრცეს. მნიშვნელოვანია, მაგალითად, საჰაერო სივრცის დაცვა. ლიეტუვაში ჩვენი ყოფნა მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ – და ამაზე იენს სტოლტენბერგმა უკვე ისაუბრა, ჰიბრიდულ ომებს და კიბერსაფრთხეებს, კიბერთავდასხმებს. ამჟამად, ვაკვირდებით ჰიბრიდულ საფრთხეებს ადამიანების გამოყენებით, მაგალითად, ბელორუსში, ვიტყოდი, რუსეთის თანხმობით, საზღვრებზე ზეწოლით, რამაც არასტაბილურობა უნდა გამოიწვიოს”, – განაცხადა კრამპ-კარენბაუერმა.
კითხვაზე, სააგენტო “როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო განიხილავს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში შემაკავებელ სცენარებს – შესაძლოა, ეს იყოს საჰაერო სივრცეში ბირთვული იარაღი, ეს არის ნატო-ს გზა? – მინისტრი ამბობს, რომ “რუსეთს მკაფიოდ უნდა ვაგრძნობინოთ და ესეც ასევე არის შეკავების დოქტრინაში, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ ასეთი საშუალებები, რომ მათ ჰქონდეთ შემაკავებელი ეფექტი თავიდანვე და რომ არავინ დაესხას, მაგალითად, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რაიონებს. ეს არის ნატო-ს ძირითადი იდეა და ის რუსეთის ამჟამინდელ ქმედებაზე იქნება ადაპტირებული. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ საჰაერო სივრცეში დარღვევას ბალტიის ქვეყნებში, ასევე, გახშირებულ თავდასხმებს შავი ზღვის ირგვლივ”, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.