ეროვნული ბანკის სახელით შესაძლოა თაღლითები დაგიკავშირდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ მათ მიერ არ ხდება მომხმარებლის საბარათე მონაცემების მოთხოვნა.
„დღეს დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბარათის ნომრის გაზიარება ითხოვეს.
გვსურს გავაფრთხილოთ მომხმარებლები, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ ხორციელდება მომხმარებლის საბარათე მონაცემების მოთხოვნა. ამასთან, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი მიმართავს შესაბამის ორგანოებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური თუ საბანკო ინფორმაციის მოპყრობისას და არ გაუზიარონ ის მესამე პირებს, მაშინაც კი, როდესაც მსგავსი მოთხოვნა თითქოს ლეგიტიმური ორგანიზაციებიდან მოდის.
ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი ლეგიტიმურია.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს – 2 406 406“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფინანსო სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ერთობლივ კამპანიას იწყებს და კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა (www.finedu.gov.ge) და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გაფრთხილებებს, ასევე, ინფორმაციას ფინანსურ თაღლითობებთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მასალები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.