„რუსთაველზე გამართული თავყრილობის შემდეგ, რეგიონების ხარჯზე კორონავირუსის შემთხვევების უფრო მეტი მატება იქნება“ – დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტ დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ყოველდღიურად კორონავირუსის შემთხვებების ისეთი მატება იქნება, როგორიც დღეს გვაქვს, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი მოხდება, კლინიკები ინფიცირებულებით გადაიჭედება.

ამის შესახებ ტაბიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

„გადავივსებით, იქნება ჯანდაცვის კოლაფსი, ყველაფერი გაიჭედება. მაგალითად, დილიდან მირეკავენ,  ახლო რეგიონებიდან 4 პაციენტი გადმოჰყავთ იმიტომ, რომ იქ ადგილები არ არის.
რეგიონების ხარჯზე უფრო მეტი მატება იქნება, რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე გამართულ თავყრილობის შემდეგ. ძირითადი მასა იქ მაინც რეგიონებიდან იყო. ისინი ერთმანეთს „ბედნიერ საჩუქარს“ დაურიგებენ. შემდეგ ეს ქალაქს დააწვება“, – განაცხადა ტაბიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი აქცია თბილისში 14 ოქტომბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მორიგი პიკია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები