მარიამ ქვრივიშვილი: ახალი მიმართულებით ფრენების შესახებ Bees Airline-ის გადაწყვეტილება საქართველოს ტურისტულ სექტორზე დადებითად აისახება

„მნიშვნელოვანია, რომ, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ავიაბაზარს ახალი მიმართულებები ემატება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს გაზრდის შესახებ.

კერძოდ, 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა-თბილისი-ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

„უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპსამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. Bees Airline-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, Bees Airline-ი რეგულარულ რეისებს თბილისსა და ოდესას შორის, კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს განახორციელებს. სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

Bees Airline-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის აპრილში შემოვიდა და დღეისათვის ფრენებს კიევიდან და ხერსონიდან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები