ზაალ უდუმაშვილი: როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან
“როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აღნიშნულს “ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს, მაშინ ამას სანქციები მოჰყვება.
“როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან. თუ ყურად არ იღებს “ქართული ოცნება”, რას ეუბნებიან, მაშინ ამას მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ოღონდ ეს გადაწყვეტილებები იქნება სანქციები. ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუ ვისთან აქვთ საქმე. ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომელთაც არაერთხელ გადააგდეს პარტნიორები. ასე რომ, მეტს აღარაფერს აპატიებენ „ქართულ ოცნებას“ და თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ამას მოჰყვება სანქციები”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მიმართვას ხელს აწერენ ლიეტუვისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, 25 ევროპარლამენტარი, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები. წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.