დავით ზალკალიანი: აშშ-ს თავდაცვის მდივნის მიერ განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის როლი, რომელიც საქართველოს პრემიერს უშუალოდ შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს თავდაცვის მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ტარდება ისეთ დროს, როცა ძალიან სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა, რაც ორ ქვეყანას შორის ვითარდება ყოველწლიურად და თვისობრივად ახალ დონეზე გადადის.”- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უპრეცედენტოა. „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ავღანეთში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ოპერაციისა. ჩვენი თანამშრომლობა როგორც შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში, ისე ჰუმანიტარული მისიის პროცესში იყო უპრეცედენტო და დღეს, თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხადა ამ მხარდაჭერისთვის და იმ გლობალური წვლილისთვის, რაც საქართველომ შეიტანა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში.”- განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მიერ განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის როლი, რომელიც საქართველოს პრემიერს უშუალოდ შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესში საქართველოს მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობას.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო – სამეზობლო ინიციატივას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის პლატფორმად თბილისის ჩამოყალიბებას გულისხმობს და რომელსაც აშშ-ს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს. „ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი ამ ახალ რეგიონალურ სამხრეთ კავკასიის სამეზობლო ინიციატივაზე, რომელიც პრემიერმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა და აქ გვაქვს აშშ-ს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა.” – აღნიშნა ზალკალიანმა.