ბათუმის ყოფილი ვიცემერის ადვოკატი: არც დაკავებულია და არც დაკითხული, პირად საქმეზე გავიდა
ბათუმის ყოფილი ვიცემერის, ზურაბ ბერიძის ადვოკატის, ჯიმშერ არობელიძის განცხადებით, ზურაბ ბერიძე მომხდარის გამო თავადაც შეწუხებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ადვოკატის განმარტებით, ბერიძე არც დაუკავებიათ და არც დაუკითხავთ.
„ის სახლიდან გავიდა პირად საქმეზე, როგორც ხედავთ, არც დაკავებულია და არც დაკითხული. მის მიმართ ინტერესი გაჩნდა, რადგან გამოძიება იყოს სრულყოფილი. თავადაც წუხს მომხდარის გამო და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ვიცი, რომ მას ბოლო ექვსი თვეა, გარდაცვლილთან ურთიერთობა არ ჰქონია“, – აცხადებს ჯიმშერ არობელიძე.
ბათუმის ყოფილი ვიცემერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. სამართალდამცველებმა ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.
გამოძიება, სავარაუდოდ, თბილისში დღეს გამთენიისას მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას ზურა ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს, მას სამართლებრივი დავა ჰქონდა არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. შატალოვა შვილის დაბრუნებას ითხოვდა.