გი პარმელენი: შვეიცარია საქართველოში მხარს უჭერს ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, მდგრად განვითარებასა და პროფესიონალურ სწავლებას

Der neugewaehlte Bundesrat Guy Parmelin spricht waehrend einer Medienkonferenz nach den Bundesratswahlen am Mittwoch, 9. Dezember 2015, in Bern. (KEYSTONE/Peter Klaunzer)

შვეიცარიის პრეზიდენტის, გი პარმელენის განცხადებით, შვეიცარია საქართველოში მხარს უჭერს ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, მდგრად განვითარებასა და პროფესიონალურ სწავლებას.
შესაბამისი განცხადება პარმელენიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და შვეიცარიას აქვთ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები.

„მომავალ წელს ვიზეიმებთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია, თქვენი სახით პირველ, საქართველოს პრეზიდენტს ვუმასპინძლო შვეიცარიაში. დღეს ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რამდენიმეს ჩამოვთვლი – ორმხრივი ურთიერთობა, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, შვეიცარიის პოლიტიკა მშვიდობის საკითხებში, მისი როლი და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი ორი ქვეყანაც. შვეიცარია საქართველოში მხარს უჭერს ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, მდგრად განვითარებას და პროფესიონალურ სწავლებას“, – განაცხადა გი პარმელენმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის 2025 წლამდე პროგრამის ფარგლებში შვეიცარია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეგიონს და თანამშრომლობის მრავალ სახეობას ხედავს.

„პანდემიის მიუხედავად, სავაჭრო ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის გაღრმავდა და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ამოწურული. ბედნიერი ვარ, რომ ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ბრძოლა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ და ენერგეტიკის სფეროში. ასევე ძალიან კონკრეტული გაცვლები გვქონდა მიგრაციის საკითხებში და ჩვენმა დელეგაციამ გამოთქვა სურვილი, რომ გაეღრმავებინა ურთიერთობა საქართველოსთან ამ მიმართულებით. როგორც იცით, შვეიცარია 2009 წლიდან მოყოლებული წარმოადგენს საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს მოსკოვში და რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს თბილისში, ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის გულს და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. შვეიცარიის ბრძოლა მშვიდობის მიმართულებით არის მთავარი მომენტი ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მადლობა მოვახსენე საქართველოს იმ ნდობისთვის, რომელიც შვეიცარიას გამოუჩინა და მზადყოფნას ვაცხადებთ ყოველთვის კონფლიქტის დარეგულირების საკითხების მოძიებაში“, – განაცხადა გი პარმელენმა.

პრეზიდენტის თქმით, შვეიცარია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ამისთვის მხარს უჭერს კონკრეტულ პროექტებს, რომელიც მოსახლეობას ეხმარება.

„ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ზოგად საერთაშორისო საკითხებზე, როგორიც არის როლი სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ცხადია, რომ საქართველოსა და შვეიცარიას აქვთ ძალიან ბევრი კავშირები ერთმანეთთან. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ ვიზიტისთვის ბერნში და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გი პარმელენიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები