იუსტიციის მინისტრი: შექმნილია ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ციხის სამედიცინო პერსონალს ხვდება
“ჩვენი ინტერესი ერთადერთია, მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა პატიმრის უფლება და, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის და მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მან მიმართა სახალხო დამცველს, პარლამენტის წევრებს მიხეილ სარჯველაძეს, დიმიტრი ხუნდაძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ყველას თავისი კომპეტენციის ფარგლებში განეხორციელებინა უფლებებზე დაკვირვება, თუ როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. „ეკატერინე ტიკარაძეს ვთხოვეთ, რომ გამოეყოთ ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციას. არაფორმალური ინფორმაციის გაზიარების პლატფორმა უწყებებს შორის უკვე შეიქმნა. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა და ვუზიარებთ ინფორმაციას მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მან მადლიერება გამოხატა ჯანდაცვის მინისტრის მიმართ, რადგან ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე ჩამოყალიბდა.
„მათი ვინაობა შეთანხმდა პატიმართან, ის თანახმაა და ამ წუთებში იმართება შეხვედრა ამ ჯგუფსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის. სადაც მოხდება ინფორმაციის გაზიარება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, თუკი ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვიმოქმედებთ მათი რეკომენდაციის შესაბამისად“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.