ნინო ლომჯარია: ციხეში 2 პატიმარი დაიღუპა არა დამწვრობის, არამედ ძლიერი დაკვამლიანების გამო

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ 2 პატიმარი დაიღუპა არა დამწვრობის შედეგად, არამედ – ძლიერი დაკვამლიანების გამო.

“დავათვალიერე დამწვარი სასადილო, ვესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას, მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად დაიწყო და ძალიან სერიოზული დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა, გისოსები იყო. იყო მცდელობა, შიგნიდან და გარედან შუშები ჩაემსხვრიათ, თუმცა, სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. რეალურად, როდესაც სახანძრო მოვიდა დაახლოებით 20 წუთში, 2 ადამიანი იპოვეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლის გამო,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილისა და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, 14 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები