გიორგი ხანიშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გურიისა და სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულებთსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შედეგების შეჯამებისას აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც წარმატებით ჩატარდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ფერმერებმა სიმინდის და თხილის კარგი მოსავალი მიიღეს, თუმცა, მავნებელთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ მიგრირებული მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი – ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით სულ დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები