კათოლიკოს-პატრიარქი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მელეტიოსი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში არსებულ სიტუაციასა და ისრაელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეუფე ფილომენმა აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად დადიან ჯვრის მონასტერში, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვთისმსახურებაში და თვითონაც ცდილობს მათ თავი ისე აგრძნობინოს, როგორც საქართველოში.

მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერებით აღნიშნა, რომ იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გააკეთებს წმინდა მიწაზე ქართველების დასახმარებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დალოცა ისინი და სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვაზე მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები