მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მონიტორინგის წარმოების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები გვექნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მონიტორინგის წარმოების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები გაიმართება.
“გვექნება კონსულტაციები, მათ შორის, ოპოზიციასთან და, შესაბამისად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შეთანხმებული ფორმატით ვიმუშაოთ. ასეთია ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხის ირგვლივ. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მაღალი იყოს, ერთი მხრივ, უფლებების დაცვაზე მონიტორინგის პროცესი, მეორე მხრივ – საზოგადოების ინფორმირებულობა”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: “მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი”.