12 ოქტომბერი ნათელა ურუშაძის დაბადების დღეა
დღეს, ქართველი თეატრმცოდნის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატის, ქალბატონი ნათელა ურუშაძის დაბადების დღეა.
მან დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1945 წელს და მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის ინსტიტუტი 1948 წელს. ამავე წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში.
„თეატრმცოდნე და პედაგოგი, არაერთი თაობის აღმზრდელი, რაც ყველაზე მთავარია, შემოქმედი, ნათელა ურუშაძე, ადამიანი, რომელმაც ხელოვნების რანგში აიყვანა თეატრალური კრიტიკა და პედაგოგიკა, მეტიც, ხელოვნებად აქცია სხვათათვის მომაბეზრებელი ყოველდღიურობაც. ამიტომაც სხვა თეატრმცოდნეთაგან განსხვავდებოდა, განცალკევებით იდგა და მთელი არსებით ემსახურებოდა იმას, რომ მომავალ თაობას არ დაეკარგა ხელოვნების აღქმის უნარი, არ დაშრეტოდა თვალი, რომლითაც უნდა დაენახა და არ დახშოდა ყური, რომლითაც უნდა მოესმინა“, – აღნიშნულია საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.