“პეტიციაზე ხელმომწერები გვერდს უვლიან იმას, რომ სააკაშვილის რეფორმები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა” – ცუცქირიძე

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმომწერები გვერდს უვლიან იმ ფაქტებს, რომ სააკაშვილის რეფორმები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ციხეებში არააადამიანური მოპყრობის და წამების, ბიზნესტერორის ფონზე მიმდინარეობდა.

ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილი პეტიციაზე ხელის მოწერით მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვს, ამის მთავარ არგუმენტად მისი როლი სახელდება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აღმშენენლობაში, როდესაც მისმა რეფორმებმა დაამარცხა კორუფცია, ხოლო მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაზარდა ბიუჯეტი, ქვეყანას საერთაშორისო ცნობადობა შესძინა და, როგორც იტყვიან, ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა, ხოლო ძალაუფლება არჩევნების გზით გადააბარა.

ამ წარმოსახვით რეალობაში ბევრი შესადავებელი შეიძლება, იყოს, თუნდაც ელიტურ კორუფციაზე, მაგრამ ამჯერად სხვა თემაზე შევჩერდები. მთელი ამ პიარკამპანიის მთავარი დედააზრი მაინც სხვაა და არა – მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, არამედ მისი მართველობის სისასტიკის გადაფარვას და 14 ოქტომბრის აქციას, როგორც მეორე ტურების გენერალურ რეპეტიციას ემსახურება, მხარდამჭერთა მობილიზაციის თვალსაზრისით.

პეტიციაზე ხელმომწერი პატივცემული გვამები რატომღაც გვერდს უვლიან იმ ფაქტებს, სააკაშვილის რეფორმები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ციხეებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების, ბიზნესტერორის ფონზე რომ მიმდინარეობდა, თითქოსდა, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ყოფილიყო.

შედარებისათვის ჩილეს დიქტატორ პინოჩეტის მაგალითიც გამოდგება, რომელიც პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს დამხობის შემდეგ 1973 წელს მოვიდა ხელისუფლებაში.

პინოჩეტის 25- წლიანი მართველობისას ჩილე გადაიქცა რეგიონის ლიდერად ეკონომიკაში, მის მიერ ჩატარებული რეფორმა, რომელშიც წამყვანი ამერიკელი ეკონომისტები და თვით ნობელიანტი  – მილტონ ფრიდმანი იყვნენ ჩართული, ხელს უწყობდა ვაჭრობისა და ეროვნული ბიზნესის განვითარებას, რაც ეკონომიკის სწრაფი ზრდით მიმდინარეობდა.

ჩილე დღეს არის ქვეყანა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2019 წელს ანუ კოვიდპანდემიის წინა პერიოდში, 15 000 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც თითქმის 2- ჯერ აღემატებოდა არგენტინის, ხოლო 3.5 ჯერ  – საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს!

მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს დათმო პრეზიდენტის პოსტი დემოკრატიული არჩევნების გზით, 1998 წელს ლონდონში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებისა და მასიური მკვლელობების ბრალდებით.

მართალია, მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, გაათავისუფლეს ციხიდადან და ჩილეში დააბრუნეს, სადაც მის წინააღმდეგ კვლავ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმავე ბრალდებით, თუმცა, სასამართლომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი დაპატიმრება საჭიროდ არ სცნო.

დღესაც ჩილეში არიან პინოჩეტისტები, რომლებიც მას თანამედროვე ჩილეს სახელწიფოს შემოქმედად მიიჩნევენ, ისევე როგორც არგენტინაში არიან პერონისტები, რომლებიც ასევე გენერალ დიქტატორ ხუან პერონს არგენტინის დამფუძნებელ მამად მიიჩნევენ, მაგრამ ვერც პერონის და ვერც პინოჩეტის იდეოლოგიური პლატფორმა ვერ ქმნიან ამ ქვეყნების განვითარების ბაზისს, და მარგინალიზირებულ წარმოსახვაში არიან ჩარჩენილი.

ამ ისტორიულ რეალობაში ჩვენც მალე შევალთ, რაც 30 ოქტომბრის არჩების მეორე ტურში გამოჩნდება და, დიდი ალბათობითაც, ოპოზიცია ყველა თვითმართველ დიდ ქალაქს წააგებს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები