„ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ძირთადი მიზეზი არის ის, რომ შენობის მდგრადობა შეარყიეს, საყრდენ კედელს შეეხნენ“ – არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე
არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ შენობის მდგრადობა შეარყიეს, მის კონსტრუქციულ ნაწილს, საყრდენ კედელს შეეხნენ.
ამის შესახებ აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, თუ ის რაიმე ბუნებრივი ან ტექნოგენური შემთხვევების გამო არ არის გამოწვეული, ერთდროულად რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. აქ შეცდომების კომპლექსია დაშვებული, რამაც ნაგებობის კოლაფსური ნგრევა გამოიწვია, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა. კონკრეტულად, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მაინც არის ის, რომ შენობის მდგრადობა შეარყიეს, ანუ მის კონსტრუქციულ ნაწილს, საყრდენ კედელს შეეხნენ. ამ კედლის გამოღებით თუ შემსუბუქებით მთლიანი შენობის რყევა გამოიწვიეს. ეს სამუშაოები არასპეციალისტებმა, არაკვალიფიციურმა მუშებმა აწარმოეს.
შენობა თავისი არსით, მთლიანობაში საკმაოდ რთული, სივრცული კონსტრუქციული ნაგეგობაა. მისი ყველა წერტილი გარკვეულად ერთმანეთზეა დამოკიდებული, ესაა სივრცული მდგრადობის ელემენტები, ისინი ნაგეგობის მდგრადობას ერთიანად წყვეტენ. ასეთი ელემენტების ნებისმიერი პატარა გარხევა ცვლილებებს იწვევს. ეს თუ დროულად არ იქნა შეჩერებული, მისი წერტილები წყობიდან გამოდის და ნაგებობა ერთიანი სახით ჩამოიშლება, დაინგრევა.
5-სართულიან ნაგებობებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში აშენებდნენ, თავიანთი სიცოცხლის ვადა ჰქონდათ. ეს დაახლოებით 50-60, მაქსიმუმ 80 წელი იყო, შემდგომ ისინი ახალი ნაგებობებით უნდა ჩანაცვლებულიყო. ეს ჩვენში ვერ განხორციელდა. ასეთი მშენებლობები, ნაგებობები აღმოსავლეთ ევროპაშიც მასიურად იყო, შემდგომში მათი დიდ ნაწილი მთლიანად გამოცვალეს.
ამ ნაგებობებზე ნებისმიერი დამატებითი მოქმედებები უნდა შეიზღუდოს. ამის გაკეთება არ შეიძლება. ისინი არა მარტო ასაკობროვად არიან ზღვართან, არამედ კონსტრუქციული მდგრადობითაც ზღვრული ელემენტების დატვირთვებს აღწევენ”, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე